გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

 

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

 

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2016 წელს გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი,  რეჟისორი  და  მწერალი  ნინო ხარატიშვილი  გახდა. 

საზეიმო დაჯილდოება გაიმართა 2016 წლის 8 მაისს მიხეილ თუმანიშვილის თეატრში. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ 20:00 საათზე თეატრში წარმოდგენილი იყო ნინო ხარატიშვილის პიესა „მრისხანება“ - თუმანიშვილის და ფრაიბურგის თეატრების ერთობლივი პროექტი.

ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა, დოქ. შტეფან ვაკვიცმა. დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდნენ მსახიობი/მთარგმნელი ნინო ბურდული, დრამატურგი/მთარგმნელი დავით გაბუნია, გერმანიის ელჩი საქართველოში, ბეტინა კადენბახი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გამომცემლობა ინტელექტის საერთაშორისო ურთიერთობების და სოცილური მედიის მენეჯერი, გვანცა ჯობავა. ლაურიატს ჯილდო გადასცა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, მათიას კლინგენბერგმა.

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშილის სახელობის პრემიას უკვე მეოთხეჯერ გასცემენ. ნინო ხარატიშვილმა თავისი უახლესი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ საქართველო და მისი ისტორია ათასობით გერმანელ მკითხველს გააცნო და ამ რეგიონის მათ „შინაგან რუქაზე“ განთავსება შეძლო. ამ წიგნით მან გერმანული კრიტიკისა და პუბლიკის დიდი აღიარება მოიპოვა.

ნინო ხარატიშვილი ჯერ კიდევ სკოლაში წერდა პიესებს, რომელსაც მეგობრებთან  ერთად  დგავდა მე-6 გიმნაზიის ქართულ-გერმანულ თეატრალურ დასში. მას შემდეგ, რაც თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ის 2003 წელს ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შემდეგ, ნინო ხარატიშვილმა სულ მალე ჰპოვა აღიარება, როგორც გერმანულენოვანმა რეჟისორმა და მწერალმა. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია გერმანული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის, ლიუბეკის ბუდენბრუკების სახელობის პრემია საუკეთესო დებიუტისთვის, დამოუკიდებელი გამომცემლების „ჰოტლისტის“ ჯილდო. ხოლო 2015 წელს ნინო ხარატიშვილს „ანა ზეგერსის“  სახელობის  პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

თავისი თეატრალური და მწერლობითი საქმიანობის მიღმა, ნინო ხარატიშვილი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ-გერმანულ კულტურულ ურთიერთობებში. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ის სამშობლოში ჩამოსვლას ყოველწლიურად ახერხებს, სადაც დისკუსიებში, ლიტერატურულ საღამოებში, თეატრალურ კოპროდუქციებსა თუ გასტროლებში მონაწილეობს. ნინო ხარატიშვილი აქტიურადაა ჩართული 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის სამზადისში, ასევე 2017 წელს დაგეგმილი ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო ღონიოსძიებებში. იგი ორივე ქვეყანაში ინტენსიურად მოღვაწობს და ამით სულ უფრო დიდი წვლილი შეაქვს ორივე სამშობლოს დაახლოებაში.

 

ბმულები თემისათვის

ნინო ხარატიშვილი 

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000159/

https://www.youtube.com/watch?v=pnRucb8Zbeg&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=Qaa7W_lLlLE&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=wJo-LtMmB0c&feature=youtu.be

Tags: