DVV International

ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სისტემის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა - უწყვეტი და გლობალური სწავლა ერთიან სამყაროში

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. 40 წელზე მეტია, რაც ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სფეროში ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო-საზოგადოებრივ და საუნივერსიტეტო პარტნიორ ორგანიზაციებთან მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში:

  • აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის განვითარებად და ტრანსფორმირებად ქვეყნებში ჩვენი მცდელობა მიმართულია ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისკენ. ამასთან, მოსახლეობის უღარიბესი ფენების ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ვითვალისწინებთ ადგილობრივ სიტუაციას და დარგობრივ კრიტერიუმებს.
  • განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობაში მთავარი აქცენტი კეთდება პროფესიული კადრების გაცვლაზე და მზარდ თანამშრომლობაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებში.
  • ზრდასრულთა განათლების რეგიონალურ და საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საინფორმაციო და ლობისტურ საქმიანობაში საერთაშორისო დონეზე.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • ზრდასრულთა განათლება, როგორც უწყვეტი განათლების განუყოფელი ნაწილი, მისი როლი კვალიფიკაციის ამაღლებისა და უკეთ ორიენტირებაში.
  • მისი ემანსიპატორული მნიშვნელობა საზოგადოებრივი და ინდივიდუალური განვითარებისათვის.
  • მისი მიზნების, შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების ისტორიული და კულტურული შესწავლა.

წინაპირობები

  • პარტნიორ ქვეყნებში განვითარებისაკენ ადამიანთა სწრაფვის მორალური მხარდაჭერა.
  • სწრაფვა პროფესიონალიზმისაკენ, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს პარტნიორულ და კოოპერაციული თანამშრომლობაში.

ჩვენი ამოცანები

ბუნებრივია, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არსებულ სინამდვილესთან ერთად შეიცვალა ჩვენი ამოცანებიც: თუ 60-იან წლებში ზრდასრულთა განათლების მხარდაჭერა ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც დეკოლონიზაციის პროცესში აღმოჩენილი საერთო საგანმანათლებლო დახმარების ნაწილი, 70-იან და 80-იან წლებში ჩვენი ყურადღება მიიპყრო საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებამ. 90-იან წლებში ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა და ევროპის გაერთიანების პროცესმა ახალი პრობლემებისა და ამოცანების წინაშე დაგვაყენა და ახალი ათასწლეულის დასაწყისში ჩვენი ყურადღება უპირატესად გადატანილია ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე.

ზრდასრულთა განათლების სისტემა სწორედ გასულ ათწლეულში გადაიქცა იმ ინსტრუმენტად, რომელიც საერთო, კულტურული და პროფესიული განათლების გარდა დემოკრატიული სტრუქტურების დაფუძნებისა და გაფართოების ეფექტური საშუალების მისიას იძენს. იგი ხელს უწყობს ადამიანების აქტიურ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

რაც შეეხება ჩვენი საქმიანობის შინაარსობრივ მხარეს, აქ ძირითადი აქცენტი გადატანილია საბაზისო, გარემოსდაცვით და დემოკრატიულ განათლებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სიღარიბის დაძლევას, გენდერულ პრობლემატიკასა და პიროვნული დამოუკიდებლობის განვითარებას; ჩვენი საქმიანობის შრომითი და პროფესიული ორიენტაციის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, მათი შრომით პროცესებში ინტეგრაცია და კოოპერატივებში ორგანიზაციული პროცესების განმტკიცება.

ჩვენი პარტნიორები

პარტნიორებთან თანამშრომლობაში, რომელთა სპექტრი მოიცავს როგორც სამინისტროებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საუნივერსიტეტო დაწესებულებებსა თუ სხვადასხვა გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვცდილობთ პროფესიული დიალოგის პრაქტიკულ კოოპერაციასთან შერწყმას. ამასთან, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული წინაპირობები და პატივი სცენ ინდივიდუალურ თავისებურებებს და კულტურულ თვითმყოფადობას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ არა დონორი ორგანიზაცია, არამედ საქმიანი პარტნიორი, რომელიც უზიარებს პარტნიორებს საკუთარ გამოცდილებას და ამავე დროს თავადაც სწავლობს მათგან. თანამშრომლობის პროცესში უპირატესობას ვანიჭებთ უკვე არსებული სტრუქტურების განვითარებას, კომპეტენტურობისა და ხარისხის დონის ამაღლებას. ჩვენი საქმიანობის მთავარი ასპექტებია:

  • ზრდასრულთა განათლების სიტემისთვის პედ-პერსონალის მომზადება და გადამზადება
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული შეფასება და კვლევა
  • სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება
  • ინსტიტუციონალური და მატერიალური ინფრასტრუქტურების მხარდაჭერა
  • კონსულტაციები ორგანიზაციის განვითარების პროცესში
  • ზრდასრულთა განათლების სისტემის საზოგადოებრივი აღიარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა
  • რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ამჟამად DVV International დაახლოებით 90 თანამშრომელს აერთიანებს. აქედან ოცი ბონში მუშაობს, ათი - გერმანიის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს, დანარჩენი 60 თანამშრომელი კი სხვადასხვა ადგილობრივ საპროექტო ბიუროებში მოღვაწეობს. ჩვენი საქმიანობა ფინანსდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), საგარეო საქმეთა სამინისტროსა (AA) და ევროკავშირიდან (EU) მიღებული სახსრებიდან.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია (DVV)

DVV წარმოადგენს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციას. იგი დაარსდა 1953 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში როგორც სათაო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად თავის რიგებში 16 რეგიონალურ ასოციაციას აერთიანებს

სახალხო უნივერსიტეტები ისტორიულ სათავეს იღებენ მე-19 საუკუნის ბოლოს მიმდინარე სახალხო-საგანმანათლებლო და მუშათა მოძრაობიდან. დღეს სახალხო უნივერსიტეტები წარმოადგენენ საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ცენტრებს, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ საგანმანათლებლო კურსების ფართო სპექტრს: იქნება ეს პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, უკვე ზრდასრულ ასაკში საშუალო სკოლის დამთავრება და პროფესიული სერტიფიკატის მიღება, თუ პოლიტიკური და კულტურული განათლება ან მრავალფეროვანი სამოყვარულო კურსები.

DVV წარმოადგენს სახალხო უნივერსიტეტებისა და მათი რეგიონალური გაერთიანებების ორგანიზაციულ და პედაგოგიურ ინტერესებს. იგი არის შემდეგი ორგანიზაციების დამფუძნებლი ან წევრი:

  • ადოლფ გრიმეს ინსტიტუტი - მედიის, განათლების და კულტურის საზოგადოება, შპს, მარლი
  • გერმანიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტი, მაინის ფრანკფურტი
  • WBT -კვალიფიკაციის ამაღლების ტესტირების სისტემა, შპს, მაინის ფრანკფურტი

ამჟამად გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტია პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი რიტა ზიუსმუტი (Rita Suessmuth), თავმჯდომარე - დორის ოდენდალი (Doris Obendahl), მოადგილეები - ერნსტ კიუხლერი (Ernst Kuechler) და თომას ფრიდრიხი (Thomas Friedrich).