გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

2017 წლის დაჯილდოება

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი  2017 წელს  ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დავით წერედიანი  გახდა. 

 

საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 2017 წლის  30  მაის,  17 საათზე მწერალთა სახლში (i. მაჩაბლის ქ. 13).  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება თბილისის ლიტერატურის ფესტივალის კვირეულის ფარგლებში.

 

დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი  და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე.   

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV  International-ი  გივი მარგველაშილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთეჯერ გასცემენ.

დავით წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში 1963 წლიდან მუშაობდა; 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი მის გენიალურ თარგმანებთან არის გაიგივებული.
მის მიერ უბადლო ქართულით ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების - გოეთეს ,,ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები - გარეშე ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა.

„ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832)  თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ეკვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა. ქართველმა მკითხველმა დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და სულ მალე მეორე ნაწილსაც იხილავს.  

ამგვარად, სიმბოლურია ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო 2017 წელს  დავით წერედიანის გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება.   

 

დავით წერედიანის შემოქმედებითი ბიოგრაფია

დავით წერედიანი დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ბავშობიდან წერდა ლექსებს და ინტენსიურად თარგმნიდა ევროპული ენებიდან პოეტურ ქმნილებებს. დიდად გახმაურდა მის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი, ბრწყინვალე ფრანგი პოეტის ფრანსუა ვიიონის დიდი და მცირე ანდერძი, მათ ხშირად კონგენიალურსაც უწოდებენ. ეს თარგმანი დიდი ქართველი მთარგმნელის ივანე მაჩაბლის პრემიით აღინიშნა. მის მიერ თარგმნილია ფრანგული პოეზიის არაერთი შედევრი, სანიმუშოდ შეგვიძლია დავასახელოთ რემბოს “მთვრალი ხომალდი”, “ოფელია”, პოლ ვალერის “ზღვის სასაფლაო”, ვერლენისა და ბოდლერის საუკეთესო ლექსები. ეს თარგმანებიც არ დარჩენილა უყურადღებოდ და მათ საფრანგეთის პრემია, ანუ ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში პირველი პრემია მიენიჭა. გარდა ამისა, დავით წერედიანს მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, სახელმწიფო პრემია, ორჯერ დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით “საბა”, მათ შორის ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. და ბოლოს, დავით წერედიანი გახლავთ რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატი.

გერმანული პოეზიიდან მას თარგმნილი აქვს გოეთეს, ჰაინეს, რილკეს, ინგებორ ბახმანის, პაულ ცელანის პოეტური ქმნილებები. გარდა ამისა, როგორც ხშირად აღნიშნავენ, მის მიერ უბადლოდ არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ქმნილება: ძმები გრიმების ზღაპრები (3 ტომად) და, რაც მთავარია, მსოფლიო მნიშვნელობის პოეტის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი”, რომლის პირველი ნაწილი უკვე კარგა ხანია გამოსულია, მეორე ნაწილი კი, თავისი შესავალი წერილითა და კომენტარებით, გადაცემულია დასაბეჭდად (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და სულ მალე გამოვა.

ასევე, დავით წერედიანს ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული აქვს სვანური ფოლკლორი ორ წიგნად: “ირინოლა” და “სვანური სიმღერების კვალდაკვალ”.

მას ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების მხოლოდ ერთი კრებული “ორიონი”, რომელმაც ლიტერატურათმცოდნეების ძალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ცნობილმა კრიტიკოსმა როსტომ ჩხეიძემ ეს კრებული თავისი მნიშვნელოვანებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს გაუტოლა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელია ხარისხი და არა ლექსთა რაოდენობა.

დავით წერედიანი დღესაც აგრძელებს თავის შემოქმედებით და მთარგმნელობით საქმიანობას.

Tags: